„რეალმა“ „ბასკონიას“ მოუგო და რეგულარულის ჩემპიონობა გაინაღდა
„რეალმა“ „ბასკონიას“ მოუგო და რეგულარულის ჩემპიონობა გაინაღდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში გამარჯვებული გაირკვა. დღეს, 29-ე ტურის რანგში ლიდერმა „რეალმა“ მადრიდში მეორე ადგილზე მყოფ „ბასკონიას“ უმასპინძლა.

თორნიკე შენგელიას გუნდმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია წინააღმდეგობა „რეალს“. „ბასკონია“ ბოლოჯერ მეორე მეოთხედის სტარტზე დაწინაურდა, რის შემდეგაც მადრიდელებმა 15:4 გაქცევა მოაწყვეს და თამაშის ბოლომდე ინარჩუნებდნენ კომფორტულ უპირატესობას.

საბოლოოდ, „რეალმა“ 101:89 მოიგო, დააგროვა 27 მოგება და მიუწვდომელია „ბასკონიასთვის“, რომელსაც 21 მოგება დარჩა.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას სტატისტიკას, მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო მატჩი, 17 წუთი და 50 წამი ითამაშა და ამ დროში ექვსი ქულის, სამი მოხსნისა და ერთი პასის დაგროვება მოასწრო.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი.