„რეალის“ კაპიტანს შეგნებულად ყვითელი ბარათის მიღება ბრალდება
„რეალის“ კაპიტანს შეგნებულად ყვითელი ბარათის მიღება ბრალდება

უეფას ინსპექტორმა კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის საკითხებში მადრიდის „რეალის“ კაპიტნის სერხიო რამოსის საქმის გამოძიება დაასრულა, – ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩის (2:1) ბოლო წუთებზე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც, მადრიდში გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. თამაშის შემდეგ, რამოსს წამოცდა, რომ შეგნებულად მიიღო გაფრთხილება, რათა მომდევნო ეტაპებზე აეცილებინა თავიდან თამაშის გამოტოვება, რაც მომდევნო განცხადებაში უარყო.

საქმის წინასწარი გარჩევის შემდეგ, უეფამ ესპანელი გაფრთხილების შეგნებულად მიღებაში დაადანაშაულა და მე-15 მუხლი აამოქმედა. საქმეს 28 თებერვალს განიხილავენ.

იმ შემთხვევაში, თუ სერხიო რამოსს დამნაშავედ ცნობენ, ის გამოტოვებს არა მხოლოდ „რეალი“-„აიაქსის“ მატჩს, რომელიც ხუთ მარტს გაიმართება, არამედ ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ კიდევ ერთ შეხვედრას. ცოტა ხნის წინ, მსგავსი სასჯელი ევროპის ლიგაზე „ვალენსიას“ ნახევარმცველმა ჟოფრი კონდოგბიამ მიიღო.