„რეალის“ ინტერესს კვარაცხელიას აგენტი ადასტურებს - დიახ, ასეა, მაგრამ არიან სხვა კლუბებიც #1TVSPORT
„რეალის“ ინტერესს კვარაცხელიას აგენტი ადასტურებს - დიახ, ასეა, მაგრამ არიან სხვა კლუბებიც #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის მეჯერმა, მამუკა ჯუღელმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის „რეალის“ ინტერესი დაადასტურა.

„მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია ხვიჩას ტრანსფერით? დიახ, ეს ასეა, მაგრამ არიან სხვა კლუბებიც“, – ციტირებს ჯუღელის სიტყვებს CN24-ი.

მამუკა ჯუღელმა ასევე განაცხადა, რომ მისი კლიენტი, „პარტენოპეის“ გარდა, არცერთ იტალიურ კლუბში არ ითამაშებს: „ხვიჩა „ნაპოლის“ გარდა სხვა იტალიურ კლუბში არ ითამაშებს. ის ნეაპოლში ისე ცხოვრობს, როგორც საკუთარ სახლში. ხვიჩა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოუტანოს ნეაპოლელებს ბედნიერება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რათა თავი დაიცვას გრანდებისგან – მათ შორის, „მანჩესტერ სიტის“, „ნიუკასლის“ და მადრიდის „რეალის“ მცდელობებისგან. ხვიჩა მიმდინარე სეზონში ლუჩანო სპალეტის გუნდში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. 22 წლის ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ში 9 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა დააგროვა, ხოლო „ნაპოლი“ პირველ ადგილზეა და კონკურენტ მილანის „ინტერს“ 15 ქულით ასწრებს.

„ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავით მადრიდის „რეალის“ დაინტერესებაზე პირველად ინფორმაცია ესპანურმა რადიო Cadena Sera-მ გაავრცელა. ცნობის მიხედვით, სამეფო კლუბი ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიიდან“ ჯუდ ბელინგემს თუ ვერ დაიმატებს, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე იმუშავებს.