„რეალი“ ზაფხულში ბეილის გაყიდვას აპირებს
„რეალი“ ზაფხულში ბეილის გაყიდვას აპირებს

მადრიდის „რეალის“ შემტევმა გარეტ ბეილმა, შესაძლოა, შეიცვალოს კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ამის შესახებ გაზეთი „მარკა“ (Marca) წერს.

ესპანური კლუბი ბოლო პერიოდში უკმაყოფილოა უელსელი ფეხბურთელით. „რეალში“ მიაჩნიათ, რომ ბეილი აგებს კონკურენციას ვინისიუს ჟუნიორთან და ლუკას ვასკესთან.

გამოსვლის დაბალი დონის გარდა, „რეალის“ ხელმძღვანელობა შეშფოთებულია უშუალოდ კლუბის საქმეების მიმართ ბეილის დამოკიდებულებაზე. ის არ ამჟღავნებს არანაირ სურვილს – იყოს ჩართული შიდა გუნდურ საქმეებში და არც კი ცდილობს ისწავლოს ესპანური, არადა, გუნდში 2013 წლიდან გამოდის.
როგორც ესპანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, უელსელი, შესაძლოა, გახდეს „ჩელსისთან“ ან „ტოტენჰემთან“ გარიგების ნაწილი. „რეალი“ ამ კლუბებიდან, შესაბამისად, ედენ აზარისა და კრისტიან ერიქსენის შეძენით არის დაინტერესებული.

ამ სეზონში ბეილმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.