„რეალი“ ვინისიუსის ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას სასამართლოში გაასაჩივრებს #1TVSPORT

18:20, 16.10.2026

მადრიდის „რეალი“ ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვინისიუს ჟუნიორის ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას ესპანეთის სპორტულ ადმინისტრაციულ სასამართლოში (TAD) გეგმავს, – ინფორმაციას გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი გილერმო რაი ავრცელებს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა მადრიდული კლუბის საჩივარი არ დააკმაყოფილა და 26 წლის ფეხბურთელისთვის დაკისრებული ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.

ვინისიუსმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ვილიარეალთან“ შეხვედრისას მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, ნათან სალიბას თმაზე მოქაჩა, რის გამოც მსაჯმა მოედნიდან გააძევა. დისციპლინურმა კომიტეტმა ბრაზილიელი ორი მატჩით აღნიშნული ეპიზოდისთვის დასაჯა, კიდევ ორი შეხვედრით კი – არბიტრის მიმართ გამოხატული აგრესიული პროტესტისთვის.

თუ სანქცია ძალაში დარჩება, ვინისიუსი ესპანეთის ჩემპიონატში „სევილიასთან“, „ბარსელონასთან“, „რასინგსა“ და „ვალენსიასთან“ მატჩებს გამოტოვებს.

მადრიდული კლუბი სასამართლოს მეშვეობით დისკვალიფიკაციის გაუქმებას ან შემცირებას შეეცდება. „რეალისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელმა 25 ოქტომბერს „ბარსელონასთან“ გასამართ „ელ კლასიკოში“ მონაწილეობა შეძლოს.

მსგავსი