„რეალი“ ევროლიგის სუპერთასის პირველი ჩემპიონია #1TVSPORT

01:00, 20.09.2026

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში დასრულდა ახალი ტურნირის – ევროლიგის სუპერთასის გათამაშება. ტურნირი, რომელშიც ოთხმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მადრიდის „რეალის“ ტრიუმფით დასრულდა. ესპანურმა კლუბმა ფინალში 93:89 (24:15, 23:28, 28:29, 18:17) დაამარცხა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპიაკოსი“.

„ოლიმპიაკოსი“ სტარტზე 2:0 დაწინაურების შემდეგ, მთელი პირველი ტაიმი მდევრის როლში იყო. მაგრამ 41:47-ზე ბერძნებმა 9:0 გაქცევა მოაწყვეს და წინ გასვლა შეძლეს. მესამე მეოთხედში ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა. ბოლოჯერ „ოლიმპიაკოსი“ მესამე 10-წუთეულის ბოლოს დაწინაურდა (70:69), რასაც „რეალის“ 13:2 გაქცევა და მადრიდელთა 10 ქულით წინ მოჰყვა. ბოლო წამებზე ბერძნებმა ორ ქულამდე (89:91) შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ფელისის ორქულიანმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

„რეალის“ რიგებში სამი ახალწვეული იყო ყველაზე შედეგიანი – ლუვავუ-კაბარო (12 ქულა), პრადილია (11) და იანტუნენი (11). „ოლიმპიაკოსში“ 24 ქულით საუკეთესო იყო ბულგარელი საშა ვეზენკოვი.

აღსანიშნავია, რომ ევროლიგის ბოლო სეზონის ფინალშიც ეს გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ „ოლიმპიაკოსმა“ გაიმარჯვა (92:85).

მსგავსი