„რეალი“ ევროლიგის ჩემპიონია
„რეალი“ ევროლიგის ჩემპიონია

საკალათბურთო ევროლიგის ახალი ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ გახდა. ბელგრადში „ოთხთა ფინალის“ გადამწყვეტ მატჩში „სამეფო კლუბმა“ 85:80 (21:17, 17:23, 25:15, 22:25) დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი „ფენერბაჰჩე“ და ისტორიაში მეათედ გახდა ევროლიგის ჩემპიონი, რაც აბსოლუტური რეკორდია.

პირველ ტაიმში ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ამის შანსი „რეალს“ ჰქონდა, როცა რვა ქულით გავიდა წინ, მაგრამ „ფენერბაჰჩემ“ სხვაობა გააბათილა და პირველი ნახევარი ორი ქულით მოიგო.

მეორე ტაიმი „რეალმა“ 7:0 გაქცევით დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად ლიდერის რანგში იყო. მეოთხე მეოთხედში მადრიდელებმა ორჯერ ორნიშნა უპირატესობაც მოიპოვეს. „ფენერბაჰჩემ“ ბოლომდე შეუნარჩუნა შეხვედრას ინტრიგა, მაგრამ ფინალი მაინც ვერ გადაარჩინა.

„რეალს“ ყველა ევროტურნირზე 16 ტიტული დაუგროვდა, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

მატჩის შემდეგ, გამოვლინდა „ოთხთა ფინალის“ MVP, რომელიც „რეალის“ სლოვენიელი ფორვარდი ლუკა დონჩიჩი გახდა. ერთი დღით ადრე, მას სეზონის MVP-ის პრიზიც გადაეცა.

რეალი-ფენერბაჰჩე 85:80

21:17, 17:23, 25:15, 22:25

რ: კოზიური (17), დონჩიჩი (15), რეიესი (6), აიონი (4), კამპაცო (0) – სასტარტო; ტომპკინსი (10), კეროლი (9), ტავარეში (8), ფერნანდესი (5), იული (5), ტეილორი (3), რენდოლფი (3).

ფ: უონამეიკერი (14), დიუვერიოგლუ (8), კალინიჩი (7), ვესელი (3), გუდურიჩი (0) – სასტარტო; მელი (28), დიქსონი (7), სლუკასი (7), დატომე (6), ნანელი (0), ტომპსონი (0).