„რეალი“ და „ტოტენჰემი“ მეოთხედფინალს მიუახლოვდნენ
„რეალი“ და „ტოტენჰემი“ მეოთხედფინალს მიუახლოვდნენ

პირველი ტაიმის დიდმა ნაწილმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა. მადრიდელები ერთხელ ძელმა გადაარჩინა, რამდენიმე ეპიზოდში კურტუამ იხსნა, ერთში კი მისი იშვიათი შეცდომა „სამეფო კლუბს“ კინაღამ ანგარიშში ჩამორჩენად დაუჯდა. 37-ე წუთზე არგენტინელმა ტალიაფიკომ თავური დარტყმით გაიტანა, თუმცა სლოვენიელმა ​დამირ სკომინამ, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ჯერ ზეიმი აცალა, შემდეგ კი გოლი გააუქმა. „ჩემპიონთა ლიგაზე“ პირველად, არბიტრმა ეპიზოდი მონიტორში განმეორებით ნახა და პასიური თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. საგოლე მომენტებს მეორე ტაიმშიც ორივე გუნდი ქმნიდა, პირველი გოლი კი „რეალმა“ გაიტანა. 60-ე წუთზე ვინისიუსმა მარცხენა ფრთაზე იაქტიურა და საჯარიმოში შევიდა, იქ კი დასარტყმელ პოზიციაში მყოფი ბენზემა მოძებნა და შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ფრანგმაც მადრიდელები დააწინაურა. „აიაქსმა“ 75-ე წუთზე გაათანაბრა – გოლი ჰაკიმ ზიეიჩმა ჩაიწერა. გამარჯვებულის ბედი საბოლოოდ შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ გადაწყვიტა. მან „იოჰან კრუიფ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი 87-ე წუთზე დამწუხრა და „რეალს“ სტუმრად, ანგარიშით 1:2 მოაგებინა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა ლონდონშიც, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ტოტენჰემი“ და „დორტმუნდი“ ხვდებოდნენ. ანგარიში მეორე ნახევრის დებიუტშივე გაიხსნა, 47-ე წუთზე მასპინძელთა პრესინგმა შედეგი გამოიღო, რის შემდეგაც ვერტონგენმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, რასაც სამხრეთ კორეელი სონი გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 83-ე წუთზე ვერტონგენმა საგოლე გადაცემას გოლიც დაუმატა და საკუთარ გუნდს ორმატჩიან დუელში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოაპოვებინა. 87-ე წუთზე სტუმრები კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ერიკსენის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს, მოედანზე ორი წუთით ადრე შემოსული​ ლორენტე გამოეხმაურა და საბოლოო ანგარიში – 3:0 დააფიქსირა.

ორივე ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა, საბოლოოდ, 4 მარტს განმეორებით შეხვედრებში გაირკვევა.

დატოვე კომენტარი