„რეალი“ და „ბარსელონა“ ვან დე ბეეკისთვის იბრძვიან
„რეალი“ და „ბარსელონა“ ვან დე ბეეკისთვის იბრძვიან

ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი, შესაძლოა, უახლოეს ხანში მადრიდის „რეალის“ ან „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.

პრესის ცნობით, ზაფხულში ესპანური გრანდები კონკრეტული წინადადებით მიმართავდნენ 22 წლის ჰოლანდიელს. კერძოდ, „რეალი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიდა მას შემდეგ, რაც ვერ შეძლო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ პოლ პოგბას შეძენა. თუმცა, „აიაქსმა“ უარყო ყველა წინადადება ესპანეთიდან, იტალიიდან და ინგლისიდან.

ახალი ცნობების თანახმად, „რეალი“ და „ბარსელონა“ ვან დე ბეეკის წარმომადგენლებთან ახალი მოლაპარაკებების ინიცირებას აპირებენ და შეეცდებიან უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაიფორმონ ნახევარმცველი, უკიდურეს შემთხვევაში, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

ვან დე ბეეკი „აიაქსის“ აღზრდილია და 2022 წლის ზაფხულამდე აქვს ამ კლუბთან კონტრაქტი. ამ სეზონში მისი მონაგარია 24 მატჩი, შვიდი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი.