„რეალ სოლტ ლეიკის“ ოფიციალური ვებგვერდი – საბა ლობჟანიძემ გუნდს ფანტაზია და შეუპოვრობა შემატა #1TVSPORT

07:32, 11.09.2026

„საბა ლობჟანიძემ ჰიუსტონში გაიბრწყინა და ამ კვირაში მეორე გოლი გაიტანა“, – ასე გამოეხმაურა „რეალ სოლტ ლეიკის“ ოფიციალური ვებგვერდი ჰიუსტონის „დინამოსთან“ ქართველი ფლანგის შემტევის თამაშსა და მის გატანილ გოლს.

„მიუხედავად იმისა, რომ „რეალ სოლტ ლეიკი“ 23 მაისის შემდეგ MLS-ის ზედიზედ 10 მატჩში გამარჯვებას ვერ ახერხებს, გუნდმა შთამბეჭდავი თამაში აჩვენა დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერთან, „ჰიუსტონ დინამოსთან“ გასვლით მატჩში, რომელიც 1:2 დათმო. გუნდის კაპიტნისა და მეკარის, რაფაელ კაბრალის უნაკლო სეივებით დაწყებული, დაცვაში გამართული დაძაბული ბრძოლებითა და ახალი მოთამაშეების დებიუტით გაგრძელებული, ეს მატჩი, საბოლოო ჯამში, მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ორმა ფეხბურთელმა გააცოცხლა და მთავარი გმირებიც სწორედ ისინი გახდნენ.

საბა ლობჟანიძემ და ლინეკერ როდრიგესმა საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს: მათ შესანიშნავი კომბინაციით 76-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ შთამბეჭდავი სისწრაფით 55-მეტრიანი დრიბლინგი განახორციელა, ბურთის მეკარის თავზე გადაგდებით საკუთარი ნიჭიც აჩვენა და ბოლო ორ მატჩში თავისი მეორე გოლი გაიტანა. ამავე დროს, ამ გოლმა ხაზი გაუსვა „რეალ სოლტ ლეიკის“ ახლად დამატებული შემტევის მაღალ სათამაშო კლასს.

ლობჟანიძე გუნდს პირველ ივლისს, „ატლანტაში“ გატარებული პერიოდის შემდეგ შეუერთდა და მალევე გამოიჩინა თავი როგორც ძირითად შემადგენლობაში, ისე შეცვლაზე შემოსვლისას. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე გასვლისას ყოველ მატჩს ენერგიასა და ფანტაზიას მატებს – ეს მისი მეორე გოლია ბოლო ორ თამაშში. მანამდე მან ანგარიში გასულ შაბათს „ლოს-ანჯელესთან“ (2:2) გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა საბოლოოდ მეორე გოლიც გაუშვეს, ლობჟანიძისა და როდრიგესის მიერ შეტანილმა ფანტაზიამ და შეუპოვრობამ სეზონის გადამწყვეტ ეტაპამდე „რეალ სოლტ ლეიკის“ შემტევი პოტენციალის იმედის მომცემი სურათი დაგვანახა. ეს წყვილი უდავოდ ნათელი წერტილია იუტის გუნდის ბოლოდროინდელი პრობლემების ფონზე“, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მსგავსი