რეალ მადრიდმა პოჩეტინოს ხუმრობა სერიოზულად მიიღო და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა
რეალ მადრიდმა პოჩეტინოს ხუმრობა სერიოზულად მიიღო და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უარყო „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მიერ გაკეთებული რეპლიკა ესპანურ რადიოსადგურ „კადენა კოპეს“ ეთერში.

პოჩეტინომ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის „რეალის“ საწვრთნელ ბაზა „ვალდებებასზე“ მოემზადება და იქვე ახლოს მდებარე სასტუმროში გაჩერდება, ამის შემდეგ კი ხუმრობით დაამატა:

„მე ვთხოვე ფლორენტინო პერესს, რომ ჩვენთვის ღამის გათენების უფლება მათივე სპორტულ ქალაქში მოეცა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც „რეალ მადრიდის“ მწვრთნელი გავხდები“.

ამის საპასუხოდ „რეალ მადრიდმა“ განაცხადა, რომ მსგავსი საუბარი პოჩეტინოსთან არ შემდგარა.

„რეალ მადრიდი კატეგორიულად აცხადებს, რომ „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულისგან“ მხოლოდ საწვრთნელი ბაზისა და გასახდელების გამოყენების თხოვნა იქნა მიღებული“, – ნათქვამია მადრიდული სამეფო კლუბის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მაურისიო პოჩეტინომ ადრე რამდენჯერმა გამოთქვა აზრი, რომ შესაძლოა სეზონის ბოლოს „ტოტენჰემი“ დატოვოს, თუმცა „კადენა კოპესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ საკითხს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, მადრიდის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ „ლივერპულს“ შეხვდება.

დატოვე კომენტარი