რეაბილიტაციის დაწყებას ექვს კვირაში შეძლებს - „ფეჰერვარის“ ექიმმა ზივზივაძეზე ისაუბრა #1TVSPORT
რეაბილიტაციის დაწყებას ექვს კვირაში შეძლებს - „ფეჰერვარის“ ექიმმა ზივზივაძეზე ისაუბრა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ მხარზე ოპერაცია გაიკეთა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – ამის შესახებ ინფორმაცია „ფეჰერვარის“ ექიმმა გაავრცელა.

ბუდუ ზივზივაძე საავადმყოფოში ორშაბათს გადაიყვანეს. ქართველმა ლეგიონერმა მხრის დაზიანება „ფეჰერვარის“ სარეზერვო შემადგენლობაში „ნადკანიჟასთან“ მატჩში მიიღო.

თავდამსხმელის მდგომარეობაზე გუნდის ექიმმა, ტიბორ კოვაჩმა კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

„თავდამსხმელმა მხრის ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც ხუთშაბათს მცირე ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, რეაბილიტაციის დაწყებას ექვს კვირაში შეძლებს“, – განაცხადა ტიბორ კოვაჩმა.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა, სარეზერვო გუნდის ფორმით კი მესამე ლიგაში – 3 მატჩი. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. 11 ოქტომბერს „ფეჰერვარმა“ გამოაცხადა, რომ ქართველი თავდამსხმელი სარეზერვო გუნდში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება 17 ნოემბერს მაროკოსთან დაგეგმილ შეხვედრაში, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში გაიმართება.