რატომ გადავიდა ძიუბა ზენიტში - ანანიძე ჩემს ნაცვლად შეუშვეს და ყველაფერს მივხვდი
რატომ გადავიდა ძიუბა ზენიტში - ანანიძე ჩემს ნაცვლად შეუშვეს და ყველაფერს მივხვდი
არტიომ ძიუბამ „სპორტ-ეკსპრესთან“ ინტერვიუში პირველად გაამხილა, თუ რატომ გადავიდა მოსკოვის „სპარტაკიდან“ დღევანდელ კლუბში, სანქტ-პეტერბურგის „ზენიტში“. აღმოჩნდა, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტნის ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მიზეზი ჯანო ანანიძეა.
 
„თამაშამდე „სპარტაკის“ ხელმძღვანელობა ფედუნის თავკაცობით ჩემს გარდა ყველა ფეხბურთელს მიესალმა. ვფიქრობდი, უსიამოვნო ამბავია, მაგრამ გაივლის-მეთქი. მოედანზე შევედი, ვგრძნობ, ყველაფერი გამომდის და მოულოდნელად, მცვლიან, ჩემს მაგივრად კი ანანიძე შემოჰყავთ. ჩვენ მეგობრები ვართ და ჯანოს ვკითხე – ეს რა არის? მან – არ ვიცი, საერთოდ ჩემს შემოსვლას არც გეგმავდნენ, მაგრამ მითხრეს, ძიუბა შეცვალეო. აი ასე, უმიზეზოდ. როგორც ჩანს, მწვრთნელს ჩემი გამოყვანა ზემოდან უბრძანეს. ისეთი შეურაცხყოფა მომაყენეს, მივხვდი, რომ ამიერიდან „სპარტაკთან“ მატჩები ჩემთვის განსაკუთრებული იქნებოდა. მაშინვე დავრეკე პეტერბურგში და ვუთხარი – მორჩა, „ზენიტში“ თამაში გადავწყვიტე-მეთქი“ – იხსენებს არტიომ ძიუბა.
აღსანიშნავია, რომ ძიუბა 2018 წელს „იანდექსმა“ რუსეთში წლის ყველაზე პოპულარული ადამიანების ტოპ-10-ში დააასახელა. ამავე დროს, 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.