რატომ არ ისურვა ქინქლაძემ მარადონას კონკურენტობა - ქართველი ვეტერანი უცნობ ისტორიას იხსენებს
რატომ არ ისურვა ქინქლაძემ მარადონას კონკურენტობა - ქართველი ვეტერანი უცნობ ისტორიას იხსენებს

„დღევანდელი „სიტი“ ისე თამაშობს, როგორც „პლეი-სტეიშენის“ გუნდი. ჩემი დროის „სიტი“ დღემდე მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემთვის შესაფერისი გვარდიოლას გუნდი იქნებოდა“ – ეს ქინქლაძემ „დეილი მეილთან“ (Daily Mail) ინტერვიუში განაცხადა.

ბრიტანულ გამოცემასთან საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ 90–იანი წლების ვარსკვლავმა გვარდიოლას გუნდის მიმართ პატივისცემა დააფიქსირა: „როგორ უტევენ სილვა, სტერლინგი და დე ბრუინი – ბუმ, ბუმ, ბუმ. ბურთი რომ მქონდეს, ისე შევძლებდი აგუროსთვის გადაწოდებას, რომ არც შევხედავდი. ყველა გამოცდილი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ ამ გვარდიოლას გუნდში იოლად ითამაშებენ. ასე იოლი ნადმვილად არაა. ყოველ თამაშში 100 პროცენტზე უნდა დაიხარჯოს, მესიც კი – სხვაგვარად, სკამზე იქნება“.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა „სიტისა“ და პრემიერლიგაში გატარებული პერიოდი გაიხსენა: „ბევრჯერ მიფიქრია, რას შევცვლიდი ჩემს კარიერაში. ბედნიერი ვარ, რომ ინგლისში ვითამაშე და არაფერსაც არ შევცვლიდი, ახლაც ასარჩევი რომ მქონდეს, ინგლისში გადავიდოდი. თამაშისას ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, როგორ სკანდირებდნენ გულშემატკივრები – მე კი მანჩესტერელი ფანების ხმა გუშინდელივით მახსოვს“.

გიორგი ქინქლაძემ გაიხსენა ცნობილი ჯგუფის, „ოაზისის“ (Oasis) სოლისტები, ძმები გალაჰერები, რომლებიც „მანჩესტერ სიტის“ ცნობილი ფანატები არიან, ქინქლაძე კი გამორჩეულად უყვართ: „ლიემ გალაჰერმა ჯერ ჩემს ფეხსაცმელებზე დამცინა, მერე კი მაკოცა და მიმღერა Wonderwall, რომელიც მისი, ჩემი და მთლიანად „სიტის“ სიმღერა იყო“.

ქინქლაძე „ბოკა ხუნიორსის“ პერიოდის უცნობი დეტალები გაიხსენა: „მაშინ გუნდში დიეგო მარადონა დაბრუნდა და ჩემს პოზიციაზე თამაშობდა. მარადონა კარიერას ასრულებდა და როდესაც შევხედე, ვიფიქრე: ის ჩემი გმირია და მასთან კონკურენცია არ მინდოდა. ამიტომაც საქართველოში დავბრუნდი“.