რატისთვის მთავარი გამოწვევა სერიოზული ტრავმიდან დაბრუნებაა - ამერიკული მედია ანდრონიკაშვილზე #1TVSPORT
რატისთვის მთავარი გამოწვევა სერიოზული ტრავმიდან დაბრუნებაა - ამერიკული მედია ანდრონიკაშვილზე #1TVSPORT

ამერიკულმა მედიამ, 6 News-მა ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, რატი ანდრონიკაშვილი NCAA-ის ახალი სეზონისათვის. შეგახსენებთ, რომ 20 წლის გამთამაშებელმა საკმაოდ მძიმე ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და თავის გუნდთან, „კრეიტონთან“ ერთად ემზადება.

„გუნდის ქართველი დებიუტანტი, როცა გუნდში ჩაირიცხა, წინა წელს, თავის გამოშვებაში 64-ე იყო. ის „ბლუჯეისისთვის“ თანამედროვე ეპოქაში ერთ-ერთი საუკეთესო დამატებაა. სამწუხაროდ, რატის სეზონის დაწყებამდე მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესი გაუწყდა და მთელი წლის განმავლობაში არ უთამაშია.

ანდრონიკაშვილმა 14 ნოემბერს ოპერაცია გაიკეთა და გუნდთან ერთად პარკეტზე დაბრუნდა. მას „კრეიტონში“ დიდი სახელი აქვს. რატის ოთხ ენაზე შეუძლია საუბარი და საკმაოდ სპორტულია, რადგან ცოცვის, ცურვისა და ტანვარჯიშის გამოცდილება აქვს.

მისთვის მთავარი გამოწვევა სერიოზული ტრავმიდან დაბრუნება და დამახასიათებელი, აგრესიული თამაშის სტილის პოვნაა. „კრეიტონის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, საჭიროა, რომ რატიმ გუნდთან ერთად სასურველ ბალანსს მიაღწიოს. „ბლუჯეისი“ ახალ შემადგენლობას აყალიბებს, რომლის ერთ-ერთი წევრი ანდრონიკაშვილია.

რატი და მისი გუნდი 23 ოქტომბერს გულშემატკივართა ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი მოიცავს ფანებთან ინტერაქციას, შეჯიბრებებს და „კრეიტონის“ მოთამაშეებს შორის ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშს.“

6 News-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში რატი ანდრონიკაშვილიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რასაც მწვრთნელი მას მოსთხოვს.

„დაცვაში და შეტევაში თამაში შემიძლია, ასევე შემიძლია ავიღო ქულები და ვაკეთო ყველაფერი, რასაც მწვრთნელი მეტყვის. უბრალოდ მსურს, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ოთხ ენაზე ვსაუბრობ – ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ესპანურად. 3-დან 11 წლამდე ცურვაზე დავდიოდი, 5-დან 10 წლამდე ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული და ჩემი დიდი ბაბუის გამო, 8 წლიდან კალათბურთის თამაში დავიწყე, შესაბამისად სამივე სპორტის სახეობაზე ერთდროულად დავდიოდი და შემდეგ გადავწყვიტე, რომ კალათბურთს გავყოლოდი და ვფიქრობ, კარგი არჩევანი გავაკეთე.“

დატოვე კომენტარი