რატი იონათამიშვილი - ვინც გადაუხვევს შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს
რატი იონათამიშვილი - ვინც გადაუხვევს შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებს, ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს

შევიმუშავეთ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც სრულ ჰარმონიზაციაში მოდის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შინაარსთან, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ზუსტად ეს პრინციპები იყოს დაცული და შეეხოს ყველა იმ ადამიანს, რომელიც 20 ივნისის პერიოდში შესაძლოა, არის სამართლებრივი დევნის ობიექტი.

„ასე რომ, მოვუწოდებ ოპონენტ მხარესაც, გაიზიაროს ის პრინციპები, რაზეც მათ მოაწერეს უკვე ხელი და ეს ხელმოწერა უკვე უშუალოდ ასახონ გადაწყვეტილების მიღებაში“, – აცხადებს იონათამიშვილი.

დეპუტატის თქმით, ვინც გადაუხვევს შეთანხმების პრინციპებს, მას ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

ამასთან, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზეც.

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოიკვეთა, როგორც ყველაზე უპასუხისმგებლო და არასერიოზული პოლიტიკური პარტია საქართველოში. ეს ყველაზე მეტად ზუსტად მელიას გირაოს გარშემო მათ მიერ წარმოებული დისკუსიის დროს ჩანს. ასე რომ, ვფიქრობ, საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჰქვია ნიკა მელია – სააკაშვილისთვის და არა „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, რაც არის დაუშვებელი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.