რატი იონათამიშვილი - ვიმედოვნებთ და შანსებიც გვაქვს, რომ ტოკიოს პარალიმპიადაზე ისტორიულ შედეგს ვაჩვენებთ #1TVSPORT
რატი იონათამიშვილი - ვიმედოვნებთ და შანსებიც გვაქვს, რომ ტოკიოს პარალიმპიადაზე ისტორიულ შედეგს ვაჩვენებთ #1TVSPORT

ტოკიო ზაფხულის XVI პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც ხვალ იწყება, საქართველო 13 პარასპორტსმენით წარდგება, რომლებიც 6 სახეობაში იასპარეზებენ.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი იმ პროგრესზე საუბრობს, რასაც საქართველომ რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის თამაშების შემდეგ მიაღწია.

„ფაქტია, რომ პარალიმპიური მოძრაობა საქართველოში სერიოზულ პროგრესს განიცდის, რადგან პეკინისა და ლონდონის თამაშებზე მხოლოდ 1-1 წარმომადგენელი გვყავდა და ამას ე.წ. „ველური ბარათის“ საფუძველზე ვახერხებდით. დღეს უკვე 13 სპორტსმენი გვყავს, აქედან 11 – ლიცენზირებულია. ვიმედოვნებთ და ამის შანსები გვაქვს, რომ ისტორიული შედეგს ვაჩვენებთ. თითოეული ეს სპორტსმენი საკუთარ დისციპლინაში ძალიან ანგარიშგასაწევი ძალაა. თითოეულ მათგანს უმაღლეს საერთაშორისო ტურნირებზე ოქროს ან სხვა სინჯის მედლები აქვს მოპოვებული, მათ შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ამის გამო ვფიქრობთ, რომ ტოკიოში საქართველოს ჰიმნს არაერთხელ ავაჟღერებთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, გუნდი თამაშებისთვის სერიოზულად მოემზადა:

„ჩვენმა პარასპორტსმენებმა მაღალ დონზე გაიარეს საწვრთნელი და სავარჯიშო შეკრებები. მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებებში – ეს სპორტის სამინისტროს ძალიან აქტიური მხარადჭერით გახდა შესაძლებელი. ამ მხრივ სრულფასოვანი პროცესი იყო. ეს განსაკუთრებით რთული პენდემიის შემდეგ იყო, როდესაც ბევრი საერთაშორისო ტურნირები გაუქმდა და ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა შეეზღუდათ. ამის მიუხედავად, ჩვენი სპორტსმენების გამგზავრება შევძელით, სადაც მათ უმაღლესი შედეგი დადეს – ეს იყო პარაწოლმჭიდში, პარაძიუდოში, პარაფარიკაობაში. ამ პერიოდში საქართველოშიც ვუმასპინძლეთ საერთაშორისო ტურნირს პარაწოლმჭიდში და აღიარეს, რომ ის მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. 300-მდე სპორტსმენი გვესტუმრა და კოვიდის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარასპორტსმენები ქვეყანას გაახარებენ და ჩვენს დროშას მაღლა არაერთხელ ააფრიალებენ“.

ტოკიოს პარალიმპიადა 24 აგვისტოს გაიხსნება და 5 სექტემბერს დაიხურება. ტოკიოდან პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის პირდაპირ რეპორატაჟს 24 აგვისტოს 15:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.