რატი იონათამიშვილი - სპორტსმენების ერთგვარი დემონიზება ხდება, რაც მიუღებელი და დაუშვებელია
რატი იონათამიშვილი - სპორტსმენების ერთგვარი დემონიზება ხდება, რაც მიუღებელი და დაუშვებელია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ სპორტსმენების დემონიზება ხდება, რაც დაუშვებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი „შაქარაშვილის ქარტიასთან“ დაკავშირებით ანა დოლიძის ინიციატივას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა შეიძლება, ჩაიდინოს დანაშაული, სპორტსმენმა, ფილოლოგმა თუ ეკონომისტმა.

„ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დანაშაულს არც ეროვნება გააჩნია და არც პროფესია. სპორტსმენების ერთგვარი დემონიზაცია ხდება, რაც მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაცნობიეროთ, მსგავს განცხადებებს რა შეიძლება მოჰყვეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „შაქარაშვილის ქარტია“ დღეს წარადგინა. ანა დოლიძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი აერთიანებს ყველ იმ ძალადობრივ შემთხვევას, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია სპორტსმენის თუ სპორტსმენთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ, არაკეთილსინდისიერ, ჩაგვრის, დაშინების, ძალადობის ქცევასთან. მისვე თქმით, „შაქარაშვილის ქარტიის“ მიზანია, დააწესოს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის, რომელთა დაცვა სავალდებულო იქნება ნებისმიერი სპორტსმენისთვის და ასევე სპორტული ფედერაციებისათვის, რომლების პასუხისმგებელნი არიან საკუთარი თანაგუნდელის ქცევასა თუ მის შედეგზე. „სახელმწიფო კი, როგორც მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესის დამცველი, ვალდებულია დააწესოს და აამოქმედოს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ქარტიის წესების აღსრულებას“, – აღნიშნავს ანა დოლიძე. ანა დოლიძე მოუწოდებს სპორტის ფედერაციებსა და ხელისუფლებას, აამოქმედონ აღნიშნული ქარტია, რათა დაწესდეს კონკრეტული ქცევის წესები საზოგადოებასა და სპორტსმენს შორის.

დატოვე კომენტარი