რატი იონათამიშვილი - ოპოზიციისგან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა მოვისმინეთ, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში დამარცხებას შეგუებულნი არიან
რატი იონათამიშვილი - ოპოზიციისგან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა მოვისმინეთ, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებში დამარცხებას შეგუებულნი არიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უმეტესობა დამაჯერებელ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში მოიპოვებს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების მიმართ საქმიანი კრიტიკა ვერ მოისმინა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეგუებულნი არიან – საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდებიან.

„ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველსავე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას.
არ მიკვირს, რომ ოპოზიციას ასეთი შეშინებული კომენტარები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი არჩევანი ღირსებისა და მომავლის მხარესაა. ეს დადასტურდება საპარლამენტო არჩევნებზეც“, – აცხადებს დეპუტატი.

ამასთან, რატი იონათამიშვილმა კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სურდა, წალკისა და დმანისის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყოფილიყო.

„ეს მისი სურვილი იყო. ეს ორმხრივი გადაწყვეტილება გახლდათ და ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.