რატი იონათამიშვილი - გვაღელვებს საკითხი, რატომ არის აუცილებელი ეროვნული ბანკის შენობა, რომლის აგებაზეც 100 მილიონამდე უნდა დაიხარჯოს
რატი იონათამიშვილი - გვაღელვებს საკითხი, რატომ არის აუცილებელი ეროვნული ბანკის შენობა, რომლის აგებაზეც 100 მილიონამდე უნდა დაიხარჯოს

სამ შენობაში არის ეროვნული ბანკი და მისი გაერთიანება აუცილებელია, – განუცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, რატი იონათამიშვილს. იონათამიშვილი დაინტერესდა, რატომ განიზრახა ეროვნულმა ბანკმა ახალი სათაო ოფისის აშენება და რით არის ეს გამართლებული.

„ეროვნული ბანკი ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ეს მის მანდატსა და ფუნქციებს ძალიან ზრდის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო. სამ შენობაში არის ეროვნული ბანკი. ერთი არის საკასო, რომელიც თავისთავად ცალკე უნდა იყოს და არის ცალკე. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკის გაერთიანება და ერთ შენობაში ყოფნა არის აბსოლუტურად აუცილებელი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რატი იონათამიშვილის თქმით, მას აინტერესებს, რამდენად არის ახალი შენობის აგება დღევანდელ საჭიროებასთან თანხვედრაში და კორუფციის ნიშნები ხომ არ არის ამ ყველაფერში.

„ბატონო კობა, მე შენობის საჭიროებაზე არ გელაპარაკებით. აქ სხვა საკითხი დგას, რაც გვაღელვებს თითოეულ ჩვენგანს. აქ ლაპარაკია, რამდენად მიზნობრივია, 50 მილიონი შენობაში და 11 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით უკვე 35 მილიონი ლარია, მიწის ნასყიდობაში გადაიხადოთ. ეს რამდენად არის ადეკვატური? თქვენ ამბობთ, რომ 80 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს ჯამში და ამას ალბათ, დაემატება მერე სხვა ტექნიკური აღჭურვილობა და შეიძლება, 100 მილიონ ლარამდეც ავიდეთ. ეს რამდენად არის რაციონალური და რამდენად პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენს წინაშე დგას? ამის საჭიროება რამდენად იყო, იმავე საქმის გაკეთება გაცილებით იაფად მაგრამ ეფექტურად ასევე შეუძლებელი იყო, თქვენი აზრით? რატომ არ შეიძლება, იგივე გაკეთდეს 10 მილიონით, რაღა მაინდამაინც ამხელა თანხაზე უნდა ავიდეთ“, – მიმართა რატი იონათამიშვილმა კობა გვენეტაძეს.

კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა.

„საჭიროება იყო ძალიან ბევრი რამ. როდესაც ჩვენ ეს გათვლები გავაკეთეთ და ვისაუბრეთ, რამდენად მიზანშეწონილია, დავგეგმეთ ეს ეროვნული ბანკის შემდეგი 50 წლის ფუნქციონირების განმავლობაში, რადგანაც ეროვნული ბანკის ფუნქციები კიდევ უფრო გაიზრდება; გამოწვევები კიდევ უფრო მეტი იქნება და ჩვენ, ეროვნული ბანკის საბჭო ვფიქრობდით, რომ ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ყველანაირად კარგად იფუნქციონიროს. ვფიქრობ ეს არის ორგანიზაციის განვითარებისათვის“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ კობა გვენეტაძისგან პასუხი ვერ მიიღო.

„გულწრფელად რომ გითხრათ, არც ველოდი, რომ ამაზე არგუმენტირებული პასუხი გექნებოდათ“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.