რანიერი „სამპდორიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
რანიერი „სამპდორიას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

იტალიელმა სპეციალისტმა კლაუდიო რანიერიმ „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა, იტყობინება გენუური კლუბის პრესსამახური. 67 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

რანიერიმ ახალ პოსტზე შეცვალა ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელიც დაითხოვეს თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. „სამპდორიას“ სერია A-ს შვიდი ტურის შემდეგ ბოლო ადგილი უკავია ცხრილში. გუნდს სამი ქულა აქვს.

რანიერის ბოლო სამუშაო ადგილი იყო – „რომა“, რომელიც მან გასული სეზონის ბოლოს დატოვა. სხვათა შორის, მაშინაც მან დედაქალაქურ კლუბში დი ფრანჩესკო შეცვალა.

„სამპდორია“ რანიერისთვის მე-17 კლუბია კარიერაში. იტალიელს ასევე საბერძნეთის ნაკრები გაუწვრთნია.