რამოსმა „რეალის“ მაისურით გატანილი გამორჩეული გოლები დაასახელა (ვიდეო)
რამოსმა „რეალის“ მაისურით გატანილი გამორჩეული გოლები დაასახელა (ვიდეო)

მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ინტერი“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სერხიო რამოსმა სამეფო კლუბის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა. ამის შესახებ მან მატჩის შემდგომ MARCA-სთან ისაუბრა.

„ვიმედოვნებ, შევძლებ კიდევ ბევრი თამაშის ჩატარებას და არაერთი გოლის გატანას. რეკორდები და ციფრები კარგია, მაგრამ გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ესპანელმა მცველმა მისი კარიერის გამორჩეული 5 გოლი დაასახელა.

„რთულია ერთი გოლის არჩევა, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ლისაბონში გატანილი გოლი ჩემთვის ყველაზე მეტად გამორჩეულია, რადგან ამ გოლმა განსაზღვრა ჩემი კარიერა“.

შეგახსენებთ, რომ რამოსმა ეს გოლი 93-ე წუთზე გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც უკვე „რეალმა“ სიმეონეს გუნდს მარტივად სძლია (4:1) და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.

კაპიტანმა მეორე ადგილზე, 2016 წლის ფინალში, ისევ „ატლეტიკოს“ კარში გატანილი გოლი დაასახელა.

მესამე ადგილზე მან ორი გოლი გამოარჩია, რომლებიც ანჩელოტის „ბაიერნთან“ გაიტანა. მადრიდელებმა ამ მატჩში მიუნხენელები 4:0 დაამარცხეს.

მეოთხეზე პრინციპულ მეტოქესთან, „ბარსელონასთან“ სტუმრად 90-წუთზე გატანილი გოლია, რომელმაც სამეფო კლუბს ერთი ქულა მოუპოვა.

ბოლოს კი რამოსმა ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო გოლი გამოარჩია, რომელიც 2005/06 წლების სეზონში, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ გაიტანა.

დატოვე კომენტარი