რამაზ სვანაძე - ყველას სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ, მაგრამ ეს ახალი გუნდია #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ყველას სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ, მაგრამ ეს ახალი გუნდია #1TVSPORT

ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველ მატჩამდე (რომელიც ქუთაისში გაიმართება) საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრამდე გუნდში არსებულ მდგომარეობასა და მზადებაზე ისაუბრა.

„დიდი ინტერესით ველოდებით შეხვედრას, გვაინტერესებს, როგორ წარმოაჩენს თავს ახალი თაობა. ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ ერთმანეთს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან ოფიციალური მატჩია და ჩვენთვის შედეგი მნიშვნელოვანია. ვახტანგ სალია დაგვაკლდება და დიდი შანსია, რომ ოქტომბრის შეკრებაც გამოტოვოს.

ჩრდილოეთ ირლანდიასთან ახალი ფორმაციის გუნდის პირველი თამაშია. შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც გუნდის ხასიათთან და მენტალობასთან მოსარგებად დრო სჭირდება. დიდი ინტერესით ველით შეხვედრას.

ჩრდილოეთ ირლანდია ტოპნაკრები არ არის, მაგრამ მებრძოლი გუნდია თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით. მეტოქემ ახალი შემადგენლობით უკვე ოთხი შეხვედრა ჩაატარა და შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ ყველაფერი ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ. ყველას სურვილია, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ ვითამაშოთ.

დიეგო დეისაძე საინტერესო ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი ტიპური ცხრა ნომერია, მაგრამ ვისურვებდი, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. დაჩი ლორთქიფანიძის მიმართაც ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, სწორად განვითარების შემთხვევაში ძალიან კვალიფიციური ნახევარმცველი ეყოლება ქვეყანას. თუმცა, დეისაძის მსგავსად, მასაც სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს“.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ორლანდიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.