რამაზ სვანაძე - ვცდილობთ, რომ ყველა ფეხბურთელს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ლატვიის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ თამაში შეაფასა:
„პირველი ტაიმი სუსტად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში თამაში შედარებით გამოვასწორეთ და, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ შედეგი ლოგიკურია. უნდა ითქვას, რომ შეტევაში თამაში გვიჭირს, ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.
ახალწვეულებს რაც შეეხება, ვცდილობთ, რომ ყველა ფეხბურთელს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი. ბევრი მათგანი ფორმაში არ არის, რაც ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო, თუმცა, რესურსებში შეზღუდული ვართ და ვცდილობთ, რომ ყველას მივცეთ თამაშის შესაძლებლობა.
ოპტიმალურ შემადგენლობას ვეძებეთ, ყველაფერს ართულებს ის, რომ ოფიციალურ თამაშებში გვიწევს ამის კეთება და ქულებიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მარტივი მატჩი არცერთი არ იქნება.
ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ლატვიასთან თამაში კარგად გავაანალიზოთ, ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და მალტასთან მომდევნო შეხვედრა აუცილებლად მოვიგოთ“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ოქტომბერს მალტის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.