რამაზ სვანაძე – თვისობრივად სხვა გუნდი უნდა გავხდეთ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაზე.
„ხარისხობრივად არ იყო ის თამაში, რაც უნდა გვეჩვენებინა. მეორე ტაიმში ბურთით ბევრად უკეთ ვითამაშეთ და მეტჯერ შევძელით მეტოქის პრესინგის ხაზის გადალახვა. მატჩის ბოლო მონაკვეთში კი იძულებითმა ცვლილებებმა, რომლებიც ტრავმებითა და ყვითელი ბარათებით იყო გამოწვეული, ძალიან იმოქმედა ჩვენს თამაშზე.
არავისთვის არის მარტივი ის ფაქტი, რომ უკვე მეოთხე თამაშია, გოლი არ გაგვიტანია. ამავე დროს პოზიტიურია ის, რომ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გავუშვით. ოთხივე თამაშში უნდა აღინიშნოს ჩვენი დაცვის ხაზისა და მეკარის თამაში. ზოგადად, დაცვითი ფაზა ჩვენთვის მხოლოდ მცველებისა და მეკარის საქმე არ არის და ფორვარდებიდან იწყება. ამ მხრივ მინიმალური რაოდენობის შეცდომა დავუშვით. დაცვითი თვალსაზრისით, ეს თამაშები პოზიტიური და სასიამოვნო სანახავი იყო.
დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდება. რა თქმა უნდა, სირთულეები გვაქვს და მომავალშიც გვექნება, თუმცა ჩვენი მიზანი არანაირად არ შეიცვლება. მხოლოდ ერთა ლიგაზე არ ვართ დამოკიდებული და წინ კლასიკური შესარჩევი ეტაპიც გვაქვს.
ერთა ლიგასა და ყველა მომდევნო შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება იქნება. მთავარი მიზანი კი, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა.
დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება და მომავალშიც გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მაყურებლისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე სულ სხვა სახით წარვდგეთ. დარჩენილი დრო კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ“, – აღნიშნა სვანაძემ.