რამაზ სვანაძე - პრეტენზიები მქონდა გუნდის ხასიათთან დაკავშირებით #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
„გვექმნებოდა პრობლემები, რადგან ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო და ვეცნობოდით მოთამაშეებს. ვცდილობდით, სწრაფად შეგვეთამაშებინა გუნდი. დეტალების განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო იქიდან გამომდინარე, რაც უკვე ვთქვი.
დიდი პრეტენზიები მქონდა სწორედ ხასიათთან დაკავშირებით, მოედანზე ლიდერი უნდა გამოჩნდეს. ამ კუთხით, და ზოგადადაც, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს. თუმცა გვაქვს ამბიცია, შევკრათ ღირსეული გუნდი, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევს.
თაობები იცვლება და ყველას აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ჯერ ამ თაობის დადებითი მხარე სრულად არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ შემდეგ შეკრებებზე ბევრი პრობლემა მოგვარდეს – უპირველესად, ხასიათი და დამოკიდებულება. ამისათვის რამდენიმე შეკრება დაგვჭირდება“, – განაცხადა სვანაძემ.
ქართველი ახალგაზრდები შემდეგ შეხვედრებს ოქტომბერში ჩაატარებენ – 10 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრებიან, ხოლო 14-ში – მალტას.