რამაზ სვანაძე - მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვაშიც დადებით შედეგს მივაღწიოთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვაშიც დადებით შედეგს მივაღწიოთ #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გიბრალტართან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის მოგების (2:0) შემდეგ შეხვედრა შეაფასა.

„ეს ახალგაზრდული ნაკრების ახალი თაობის პირველი შეკრება და პირველი ოფიციალური თამაში იყო. ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიწვიეთ. ზოგადად, გუნდში თაობათა ცვლის ძალიან საინტერესო პროცესია დაწყებული.

თამაშს რაც შეეხება, ყველაზე კარგი ის არის, რომ მოვიგეთ და სამი ქულა ავიღეთ. ასევე მნიშვნელოვანი იქნება მოლდოვაში დადებითი შედეგის დაფიქსირება. იყო კარგი მომენტებიც და ხარვეზებიც, ეს ბუნებრივია, ამ ყველაფერს ველოდით, რადგან ახალი შეკრებილები ვართ.

მთავარია, რომ ამ გუნდს აქვს პოტენციალი და შეუძლია, მოუმატოს. ჩვენი მცდელობებიც ამ პროცესისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ მოთამაშეები დავალებებს იმ დონეზე შეასრულებენ, რომ მათი თამაშით კმაყოფილი დავრჩებით“, – ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურის შეხვედრაში, 12 სექტემბერს კიშინეუში მოლდოვას დაუპირისპირდება.