რამაზ სვანაძე - მიხარია, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - მიხარია, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ანტალიაში ფინეთის ნაკრებთან მოგებულ შეხვედრაზე, რომელშიც ჩვენი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალა და 4:2 გაიმარჯვა.

„ფინეთი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილეა და ამ გუნდის ძალა თავიდანვე ვიცოდით. ზოგადად, ასეთი შეკრება ჩვენთვის სასარგებლოა. ეს მოსამზადებელი ეტაპი და ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესად განიხილება. ამიტომ ბევრი ექსპერიმენტი იქნება და ფეხბურთელებს პოზიციებსაც შევუცვლით, ეს ბიჭებმა იციან და გაფრთხილებულები არიან. თავის გამოჩენის საშუალება ყველას მიეცემა.

შეკრება ძალიან ნაყოფიერად მიმდინარეობს, შევეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხდეთ.

მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შევძელით და წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შემოვატრიალეთ. ეს ხასიათი წინსვლაში ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით ფეხბურთელებს, მათ ეს ძალიან კარგად იციან.

მათგან კიდევ უფრო მეტს ველოდები, განსაკუთრებით – ევროპის ჩემპოიონატზე, რომლის დაწყებამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი და ჩვენი მთავარი მიზანია, ეს დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ, რომ პროგრესი გაგრძელდეს“.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანტალიაში მეორე ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს სერბეთის 21-წლამდელებთან გამართავს და ამით მოსამზადებელ შეკრებას დაასრულებს.