რამაზ სვანაძე – იმედია, ევრო 2025-ის სტარტზე იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძე – იმედია, ევრო 2025-ის სტარტზე იმ გუნდს იხილავთ, რომელსაც იცნობთ #1TVSPORT

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან პირველ მატჩამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში. დარწმუნებული ვარ, ეს სტაბილურობა შენარჩუნდება და წინსვლასაც მოვახერხებთ. სულ სხვა გემო აქვს, როდესაც საგზურს საკუთარი შრომით მოიპოვებ – ეს გუნდის ემოციურ ზრდაზე აშკარად აისახება.

იმედია, ხვალ იხილავთ იმ გუნდს, რომელსაც იცნობთ – მენტალურად, ტაქტიკურად და ხასიათით. ვიმედოვნებ, იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ველით.

რა თქმა უნდა, სამი ცენტრალური მცველის არყოფნა სერიოზული დანაკლისია. ადამიანურადაც საწყენია, რომ ჩვენ გვერდით არ არიან ისინი, ვინც ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. თუმცა ჩემი გუნდის და თითოეული მოთამაშის იმედი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს. ყველა მათგანი მზადაა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.

პოლონეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის – ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ შემთხვევაშიც წარმატებით ვითამაშოთ.

ხვიჩა კვარაცხელიასა და მერაბ დვალიშვილს წარმატებებს ვულოცავ – იმედია, ივნისის თვეს ისე დავასრულებთ, როგორც ჩვენ გვინდა. დაპირებების გაცემა არ მიყვარს, თუმცა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

საბა საზონოვი მზად რომ არ იყოს, ჩვენს გუნდში არ იქნებოდა. სავარჯიშო პროცესში თავი კარგად წარმოაჩინა. სამი მცველით დიდი ხანია არ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე ვართ და არაფერს გამოვრიცხავთ. თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, გუნდმა ყველა სათამაშო სქემა უნდა იცოდეს და შეძლოს ადაპტაცია ნებისმიერ ვითარებასთან“, – განაცხადა სვანაძემ.

საქართველოს ნაკრები ევრო 2025-ზე პირველ შეხვედრას პოლონეთთან 11 ივნისს ჟილინას სტადიონზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.