რამაზ სვანაძე - დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამმდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მალტასთან (5:0) მოიპოვა.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ნიკოლოზ დადიანმა თამაში შეაფასეს:
რამაზ სვანაძე: „აუცილებელი და საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. მახარებს ის ფაქტი, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, ესეც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, რომ შედეგი ლოგიკური იყო, თამაშს თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით. იგრძნობოდა ის შეთამაშება და სისტემურობა, რომელიც გვინდა, რომ ვიხილოთ. თუმცა სამუშაო ბევრი გვაქვს, დარწმუნებული ვარ, კიდევ მოვუმატებთ და ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.
ნოემბერში ჯგუფის ლიდერებთან, საბერძნეთთან და გერმანიასთან გვიწევს თამაში. მოვემზადებით, ყველაფერს გავანაალიზებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა კლუბებში გამოიჩნონ თავი.
ლოგიკურია ის მდგომარეობა და ქულათა მარაგი რაც დღეს გვაქვს. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ახალი გუნდი ვართ, ძალიან შირად სასურველს რეალობად აღვიქვამთ და სინამდვილეში ასე არ არის. დღევანდელი მდგომარეობით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ და უნდა ვიბრძოლოთ, დანარჩენი ნოემბერში გამოჩნდება“.
ნიკოლოზ დადიანი – „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. მიუხედავად საბოლოო ანგარიშისა, თავიდან რთული თამაში იყო და პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა.
ახალი გუნდი ვართ და პირველი ორი თამაში შედარებით რთული იყო. მომავალ მატჩებში მწვრთნელის დავალებებს უკეთ შევასრულებთ. ნოემბერში საბერძნეთისა და გერმანიის სახით ორ უძლიერეს მეტოქეს ვხვდებით, მნიშვნელოვანია, 100 პროცენტით მზად ვიყოთ“.