რამაზ სვანაძე - ბელგიის ნაკრებთან მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ბელგიის ნაკრებთან მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს #1TVSPORT

ბელგიის ნაკრებთან შეხვედრამდე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და ევრო 2023-ის მეორე მატჩისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„ბელგიასთან რთულ თამაშს ველოდები. ამაზე ბევრს არც ვისაუბრებ, ამ ტურნირზე იოლი დაპირისპირება არ იქნება. ვემზადებით კონკრეტულად ამ შეხვედრისთვის. პორტუგალიასთან კარგი თამაში იყო, მაგრამ ჩვენი შესრულებით ეს საუკეთესო ასპარეზობა არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს, პირველ რიგში, შეტევაში.

საბედნიეროდ, ყველა ჯანმრთელია და სათამაშოდ ემზადება. სირთულე ისაა, რომ 72 საათში ერთხელ გვიწევს მოედანზე გასვლა. ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ასეთ რეჟიმში თამაშს შეჩვეული არაა. მთავარია, ერთსულოვნება და გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ. ეს მოგვცემს შანსს, წარმატებული სვლა გავაგრძელოთ.

ახლა მხოლოდ დადებითი ემოციები გვაქვს. ეს კარგია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი უკვე ხვალინდელი დღეა. ასეთ მეტოქესთან წინასწარ რაიმეს გათვლა რთულია. მხოლოდ ის ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება ნაკრების მეკარეს, კუტალაძემ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, მაგრამ ჩვენი პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია და ბელგიასთან ის ითამაშებს.

ბელგიის ნაკრები დაბალანსებული, ტაქტიკურად გამართული და ინდივიდუალურად ძლიერი გუნდია. ისეთი მეტოქეები გვყავს, რომლებიც შეცდომებს არ გაპატიებენ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს.

მეტოქის შემადგენლობაში ბევრი ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატებ და მთელ გუნდს გამოვყოფ. მათ სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ.

შემადგენლობაში ცვლილებებს რაც შეეხება, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და არ ველოდები, რომ ცვლილებებმა სიტუაცია არიოს. ყველა ფეხბურთელს, ვინც შემოგვიერთდა, ჩვენთან ადრეც უთამაშია და მათ იციან, რა მოთხოვნები გვაქვს“, – განაცხადა რამაზ სვანაძემ.