რამაზ საყვარელიძე - მოსახლეობა შეჩვეულია პირობების დარღვევას და ამიტომ, ამაზე მძაფრი რეაქცია არ ექნება
რამაზ საყვარელიძე - მოსახლეობა შეჩვეულია პირობების დარღვევას და ამიტომ, ამაზე მძაფრი რეაქცია არ ექნება

პროპორციულ სისტემაზე ასეთი პედალირება მხოლოდ და მხოლოდ პარტიების ინტერესებით ნაკარნახევი აქცენტია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რომ ვიძახით, პროპორციული სისტემა იდეალური იყოო, აშშ და ინგლისი არ არის იდეალური და ჩვენ ვიცით, როგორია იდეალური დემოკრატია? იმათ სულ მაჟორიტარული აქვთ. კი, პროპორციული სისტემა პარტიებს უფრო თანაბრად აძლევს ადგილებს, მაგრამ მოსახლეობის ინტერესი ამ შემთხვევაში, მეცხრე ხარისხშია გადატანილი. მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა, ვთქვა, რომ კერძო ინტერესებით მოქმედებენ მაჟორიტარებიც, მმართველი პარტიაც, ოპოზიციური პარტიებიც და პატრიოტიზმზე თავს ნურავინ დადებს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ „ქართული ოცნების“ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა ხინჯიანი იქნება იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დანაპირები ვერ შეასრულა.

„როცა მხარე ასეთ თვალშისაცემ პირობას იძლევა და არღვევს, უცხოელი ამას იმახსოვრებს. მოსახლეობა შეჩვეულია პირობების დარღვევას და ამიტომ, ამაზე მძაფრი რეაქცია არ ექნება“, – განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლების მიერ დაშვებულ დიდ შეცდომას მოსახლეობასთან ვერ გამოიყენებს და დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას“ სიტყვის გატეხვა შერჩება, როგორც მოგებული რაუნდი.

„ოპოზიციამ იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ამ პირობებში რუსთაველზე „ნაციონალური მოძრაობის“ „პარადი“ არ გაეკეთებინა 23 ნოემბერს ვარდების მიტანით; ოპოზიციამ იმდენი ვერ მოიფიქრა, რომ ამით ხალხს დააფრთხობს და მის ინტერესში ეს არ უნდა იყოს. შედეგად, ეს ოპოზიცია იმ სვლებს ვერ გააკეთებს, რაც საჭიროა. ისევე, როგორც პატარ-პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოიფიქრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ელექტორატს ისევ შეინარჩუნებს, თავად კი საერთოდ დაკარგავენ, რაც გააჩნიათ. მათ ერთადერთი ფასი ჰქონდათ დამოუკიდებელ სუბიექტებად ყოფნის და ახლა, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეწებნენ, დამთავრდა მათი ზაფხული. ამ ტიპის ნაბიჯები საარჩევნო პერიოდში არ უნდა გადაედგათ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.