რაიოლამ გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულს „რეალში“ ვარსკვლავის მიყვანას აპირებს
რაიოლამ გამოაცხადა, რომ ამ ზაფხულს „რეალში“ ვარსკვლავის მიყვანას აპირებს

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ ილაპარაკა მადრიდის „რეალთან“ თავის დამოკიდებულებაზე და გაამხილა გეგმები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.

„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს „რეალთან“. ვიმედოვნებ, რომ ერთხელ შევძლებ „რეალში“ ვარსკვლავური სტატუსის მქონე ფეხბურთელის მიყვანას. დღეს მე იქ არეოლა მყავს, მაგრამ ეს მხოლოდ სანახევრო ტრანსფერია, რადგან მადრიდში იჯარით თამაშობს. მინდა ამ კლუბში მივიყვანო ვარსკვლავი და შევეცდები, რომ ეს ამ ზაფხულს მოხდეს. ამაყი ვიქნები ასეთი გარიგებით და ჩემი ფეხბურთელებისთვისაც ეს სიამაყის საგანი იქნებოდა, რადგან „რეალი“ – დიდი გუნდია“, – მოჰყავს რაიოლას სიტყვები „მარკას“.

იტალიელი აგენტის კლიენტთა შორის ერთ-ერთია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომლის მიმართ „რეალის“ ინტერესი ადრე არაერთხელ დადასტურებულა.