რაიან შერკი „მანჩესტერ სიტის“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა - მოლაპარაკება კლუბებს შორის გრძელდება #1TVSPORT
„ლიონის“ თავდამსხმელმა, რაიან შერკიმ „მანჩესტერ სიტისთან“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია და ახლა მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს, – ინფორმაციას სანტი აოუნა ავრცელებს.
ფრანგმა ფეხბურთელმა „სიტის“ მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გუარდიოლასთანაც ისაუბრა. მისი პრეზენტაცია და პროექტი შერკისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ დაადასტურა ფეხბურთელმა ტრანსფერზე თანხმობა.
როგორც ცნობილი ხდება, მანჩესტერული კლუბი ახლოსაა, „ლიონთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს. ფრანგი მოთამაშის შეძენა „სიტის“ 40 მილიონი ევრო დაუჯდება.
მანჩესტერელთა მიზანია, ფეხბურთელი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე დაიმატოს. გარდა შერკისა, კლუბი „მილანის“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერსაც უმიზნებს.
21 წლის რაიან შერკიმ „ლიონის“ რიგებში გასულ სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. ის ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.