რაიან გიგზმა „ერთი კლუბის ადამიანის“ ჯილდო დაიმსახურა
რაიან გიგზმა „ერთი კლუბის ადამიანის“ ჯილდო დაიმსახურა

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი რაიან გიგზი „ბილბაოს“ მიერ დაწესებული ჯილდოს – „ერთი კლუბის ადამიანის“ მფლობელი გახდა.

გიგზმა პრიზი მიიღო იმ 29 წლისთვის, რომელიც მან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა. ამ გუნდის რიგებში მან სარეკორდო 963 მატჩი ითამაშა. უელსელი საკლუბო აკადემიაში 14 წლის ასაკში მივიდა, 17 წლისას კი დებიუტი ჰქონდა პირველ გუნდში „ევერტონის“ წინააღმდეგ. ეს მოხდა 1991 წელს.

გიგზმა „მანჩესტერთან“ ერთად 13 საჩემპიონო ტიტული მოიგო, ორჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხჯერ ინგლისის თასზე და ამდენჯერვე – ლიგის თასზე. რაიანი ყველაზე ტიტულოვანი ბრიტანელი ფეხბურთელია ისტორიაში.

„ბილბაოს“ განცხადებაში წერია, რომ გიგზი ყოველწლიურ პრიზს იღებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ფანტასტიკური პროფესიული კარიერის გამო: „ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიო დონის ფეხბურთელზე, რომელმაც საკუთარი კლუბის მიმართ ურყევი ერთგულება აჩვენა“.

უელსელმა კარიერა 2014 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ლუის ვან გაალის თანაშემწედ იმუშავა, დღეს კი უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

46 წლის ექს-ფეხბურთელი პრიზს ბილბაოს „სან მამესის“ სტადიონზე მიიღებს, როგორც კი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საზღვრები გაიხსნება.