რაიან ჩერკი - „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი #1TVSPORT
„ლიონში“ გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელმა, რაიან ჩერკიმ „ანჟერთან“ სეზონის ბოლო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 21 წლის ფეხბურთელმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, „ლიონში“ საკუთარ მომავალსა და „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესზეც.
საინტერესოა, რომ ჩერკი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესოების დაჯილდოების ცერემონიაზე „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლების გარემოცვაში შენიშნეს.
„არ ვიცი, ეს ჩემი ბოლო მატჩი იქნება თუ არა „ლიონში“, ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ კლუბის წარმატებისთვის თავი არ დამიზოგავს. „ლიონში“ გატარებული პერიოდი არასოდეს დამავიწყდება. „ანჟერთან“ შეხვედრაში ემოციური მომენტებისთვის ვემზადები, მინდა, ვისიამოვნო თამაშით და ქომაგებიც ვასიამოვნო.
რაც შეეხება პსჟ-ის ინტერესს – ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, ახლა მხოლოდ „ლიონზე“ ვფიქრობ. მეორე მხრივ, 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ს ვუქომაგებ. დიახ, ვფიქრობ, ყველა მას გულშემატკივრობს და ვიმედოვნებთ, რომ პარიზელები ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ.
რაც შეეხება „ლიონს“, ვერ ვიტყვით, რომ სეზონი წარმატებული იყო. ვცდილობდი, ყველასგან მესწავლა, თანაგუნდელებს დავხმარებოდი და თამაშით სიამოვნება მიმეღო. სტატისტიკა არ მაინტერესებს, უბრალოდ, მინდა, რომ ხალხი გაერთოს. „ანჟერთან“ კი მსურს, მე-11 საგოლე გადაცემა ლაკაზეტს გავუკეთო – ყველაფერს გავაკეთებ, რომ მან კიდევ ერთი ბურთი გაიტანოს.
ის ჩემი მეგობარი და უფროსი ძმაა. მადლობა მას იმისთვის, რაც კლუბისთვის და პირადად ჩემთვის გააკეთა. ლაკაზეტი „ლიონის“ უდიდესი ლეგენდაა. მასთან თამაში მსიამოვნებდა – მან მოედანზეც და მის მიღმაც ბევრი რამ მასწავლა“, – განაცხადა რაიან ჩერკიმ.