რაჰიმ სტერლინგმა მსაჯს ბოდიში მოუხადა
რაჰიმ სტერლინგმა მსაჯს ბოდიში მოუხადა

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა რაჰიმ სტერლინგმა ბოდიში მოუხადა მსაჯს და განაცხადა, რომ თავადაც არ ელოდა, თუ არბიტრი პენალტს დანიშნავდა. ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, რომელშიც მანჩესტერული გუნდი საკუთარ მოედანზე დონეცკის „შახტარს“ ხვდებოდა, ინგლისელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და ვიქტორ კასაიმ უყოყმანოდ გაიშვირა ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ.

თუმცა, როგორც გამეორებაზე გამოჩნდა, სტერლინგს იმ მომენტში არავინ შეხებია.

აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის „სიტი“ უკვე 1-0 იგებდა (დავიდ სილვა), ხსენებული პენალტი კი გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანა.

„ბურთისკენ გავიქეცი და მერე რა მოხდა, არ მახსოვს. რომ წავიქეცი, უკან მოვიხედე და დავინახე, რომ მსაჯმა პენალტი დანიშნა. არა მგონია, ვინმე შემხებოდა, ყოველ შემთხვევაში, კონტაქტი არ მიგრძვნია. ბოდიშს ვუხდი მსაჯსაც და შახტარის ფეხბურთელებსაც“, – განაცხადა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი მასპინძლებმა 6-0 მოიგეს, გაბრიელ ჟეზუსმა კი, სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტის შემდეგ, კიდევ ორი გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა.