რაგბის მსოფლიო თასზე ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი საქართველოს ნაკრებს უქომაგებს #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი საქართველოს ნაკრებს უქომაგებს #1TVSPORT

იმის გამო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ნაკრებმა ვერ მოახერხა 2023 წელს საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე „ლელოებს“, საქართველოს მორგბეთა ნაკრებს უგულშემატკივროს. ამის შესახებ ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სტივ მეისმა საქართველოს რაგბის კავშირს წერილით მიმართა:

„თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი გასაოცარი და ნამდვილად დასაფასებელია. ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობისადმი ასეთი სიყვარული და თავდადება სამაგალითოა სარაგბო ქვეყნებისთვის, რომლებმაც ბევრი რამე შეიძლება ისწავლონ თქვენგან.

ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან მეგობრობა. გვინდა, გაცნობოთ, რომ საფრანგეთში გასამართ მსოფლიო თასზე ჯორჯიის შტატი საგულშემატკივროდ საქართველოს ნაკრებს ირჩევს. იმედი გვაქვს, მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში „ბორჯღალოსნები“, ასევე ჩვენი მეგობრები საქართველოს რაგბის კავშირიდან გაიგებენ ჩვენს შეძახილებს, იგრძნობენ ჩვენს მხარდაჭერას ოკეანის გაღმიდან. ერთად გავამხნევებთ „ბორჯღალოსნებს“ ჯორჯიიდან საქართველოში – წინ, „ლელოებო!“

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრების კარდიფში მოგების შემდეგ სახალისო შემთხვევა მოხდა – უელსთან გამარჯებას ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირს ულოცვადნენ. მაშინ ამასთან დაკავშირებით მათ განცხადებაც გაავრცელეს:

„სანამ ჩვენ მილოცვებს ვიღებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ჯორჯიის შტატის (ამერიკის შეერთებული შტატები) რაგბის კავშირი და ჩვენ დღეს უელსისთვის არ მოგვიგია. თუმცა, მადლობა! ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – დაწერა მაშინ ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირმა.