რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის გუნდებს შეხვდება #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად „შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის გუნდებს შეხვდება #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“, რომლის ძირითად ბირთვს საქართველოს ნაკრების მორაგბეები წარმოადგენენ, შეიკრიბება და სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრება, სადაც სუპერლიგის გუნდებთან ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

სამხრეთ ამერიკის სუპერლიგა 2019 წელს დაარსდა, თუმცა პირველი ტურნირის ჩატარება მხოლოდ 2021 წელს გახდა შესაძლებელი და მასში არგენტინის, ურუგვაის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიისა და პარაგვაის პროფესიული ფრენჩაიზები მონაწილეობენ. პირველი გათამაშების გამარჯვებული არგენტინული „ხაგუარეს XV“ გახდა, ხოლო 2022 წელს ტურნირი ურუგვაის „პენაროლმა“ მოიგო.

სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ერთ-ერთ ეტაპად განიხილება. აპრილსა და მაისის დასაწყისში „შავი ლომი“ ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან კონკურსგარეშე ითამაშებს, ანუ არ ჩაერთვება ტურნირში და არ იბრძოლებს თასის მოსაპოვებლად.

თვე-ნახევრის განმავლობაში „შავი ლომი“ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში შეიკრიბება და ხუთიდან ოთხ თამაშს სტადიონ „შარუაზე“ გამართავს, რომელიც 1984 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა და 11 226 მაყურებელს იტევს. ერთ შეხვედრას კი 21 აპრილს არგენტინაში ჩაატარებს.

თამაშების გარდა, იქნება ერთობლივი ვარჯიშები ადგილობრივ ფრენჩაიზთან, რომლის შემადგენლობაში, ძირითადად, ურუგვაის ნაკრების მორაგბები თამაშობენ.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი)

„მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით სამხრეთამერიკული ტურნე უმნიშვნელოვანესია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე დიდი წყვეტა გვქონდა. ამის ნაცვლად კი „შავ ლომს“, რომლის შემადგენლობის 50-60% ნაკრების კანდიდატები არიან, ხუთი მაღალი დონის თამაში ექნება. წინ საინტერესო შეხვედრები გველის, რომელიც როგორც სელექციის, ასევე მზადების კუთხით დაგვეხმარება“.

„შავი ლომის“ განრიგი სამხრეთამერიკულ ტურნეში

9 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „დოგოს XV“ (არგენტინა)

14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)

21 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

28 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – Sudamerica Rugby XV

6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“

„შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)