რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე ნიკა ამაშუკელი ოთხ თამაშს იმსაჯებს #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე ნიკა ამაშუკელი ოთხ თამაშს იმსაჯებს #1TVSPORT

თავისი სადებიუტო მსოფლიო თასისთვის ემზადება ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი. იგი ტიერ 2 ქვეყნების პირველი წარმომადგენელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება, თან ცენტრალური მსაჯის რანგში. ნიკა ასევე ყველაზე ახალგაზრდაა იმ 12 რეფერისა და 7 ასისტენტს შორის, რომლებიც საფრანგეთში იმსაჯებენ.

მსოფლიო თასის დაწყებამდე ამაშუკელი ტესტმატჩებზე იმუშავებს. ზაფხულის პირველი თამაში, რომელსაც ის გაუძღვება 29 ივლისს, იოჰანესბურგში გაიმართება – ოთხი ერის დასკვნით ტურში სამხრეთ აფრიკა არგენტინას უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში ამაშუკელი არბიტრ ენდრიუ ბრაისის პირველი ასისტენტი იქნება.

მომდევნო სამი თამაშში კი 28 წლის ქართველი რეფერი მოედნის მსაჯია – 5 აგვისტოს ბუენოს აირესში არგენტინა სამხრეთ აფრიკას ხვდება; 12 აგვისტოს „თვიქენჰემზე“ ინგლისი უელსს ეთამაშება, ხოლო 19 აგვისტოს ნანტში საფრანგეთი ფიჯის მასპინძლობს.