რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების ჯგუფში ფიჯიმ ავსტრალია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

17 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასზე ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები – ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებები შეხვდნენ. საინტერესო და დაძაბული მატჩი ფიჯელების გამარჯვებით დასრულდა 22:15.

პირველ ტაიმში ავსტრალიელების ერთ ლელოსა და ერთ ჯარიმას ფიჯელებმა ოთხი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმიც მათი გამარჯვებით დასრულდა – 12:8.

ფიჯის ნაკრებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და დასაწყისში ტუისოვას ლელოთი უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ავსტრალიის ნაკრები შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, 68-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა, მაგრამ ფიჯელები მედგრად დაუდგნენ ძლიერ მეტოქეს და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანაც მოახერხეს. ავსტრალიამ კი მხლოდ ის შეძლო, რომ სანუგეშო ქულა (შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის) მოიპოვა.

C ჯგუფს 10 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ფიჯი და ავსტრალია ინაწილებენ. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები კი პირველი ქულების მოპოვებას 23 სექტემბერს, ერთმანეთთან მატჩში შეეცდებიან.

სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა რუმინეთი 76:0 დაამარცხა და ამ მსოფლიო თასზე პირველი „მშრალი“ ანგარიში დააფიქსირა.

სათამაშო დღის დასკვნით შეხვედრაში ინგლისის ნაკრები იაპონიას შეხვდა. ეს იყო მეორე თამაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, რომელშიც მთავარი მსაჯი ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო (მან ერთ თამაშზე კიდის მსაჯადაც იმუშავა). შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 34:12 დასრულდა. მოგებასთან ერთად, ინგლისმა ბონუსქულაც მოიპოვა.

18 და 19 სექტემბერს მსოფლიო თასზე შესვენებაა. მესამე ტური 20 სექტემბერს იტალიისა და ურუგვაის მატჩით გაიხსნება. შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება, პირადაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.


სამხრეთ აფრიკა – რუმინეთი 76:0


ლელო: რეინახი (3), მაპიმპი (3), ვილიამსი (2), ვილემსე, ფურიე, ლე რუა, საჯარიმო ლელო

გარდასახვა: ვილემსე (5), დე კლერკი (2).


ავსტრალია-ფიჯი 15:22


ლელო: ნავაქანიტანასე, ვუნივალუ – ტუისოვა

გარდასახვა: დონალდსონი – კურუვოლი

ჯარიმა: დონალდსონი – კურუვოლი (4), ლომინი


ინგლისი-იაპონია 34:12


ლელო: ლუდლამი, ლოუსი, სტიუარდი, მარჩანტი

გარდასახვა: ფორდი (4)

ჯარიმა: ფორდი (2) – მაცუდა (4)