რაგბის მსოფლიო თასი | ირლანდიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT

23 სექტემბრის სათამაშო დღე მსოფლიო თასზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩით დაიწყო, რომელშიც ამ მსოფლიო თასზე პირველი ფრე დაფიქსირდა – „ბორჯღალოსნებმა“ ვერ მოახერხეს პორტუგალიის დამარცხება, შეხვედრა 18:18 დასრულდა.

დღის მეორე მატჩში ინგლისმა იოლად დაამარცხა ჩილეს ნაკრები – 71:0. ჰარი არუნდელი კი ამ მსოფლიო თასზე პირველი მორაგბე გახდა, ვინც ერთ მატჩში ხუთი ლელო დადო, ჯამში, ინგლისელებმა 11 ლელო დადეს, რომელთაგან ფარელმა რვა ზუსტად გარდასახა.

დღის ბოლო მატჩში კი ერთმანეთს მსოფლიო რაგბის რეიტინგის ლიდერები, სამხრეთ აფრიკა (2) და ირლანდია (1) შეხვდნენ. მსაჯის სასტვენისთანავე მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა. გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ და შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს გულშემატკივარს. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაში ირლანდიელების გამარჯვებით დასრულდა – 13:8, სამხრეთ აფრიკამ კი ნუგეშის ქულა მოიპოვა შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის.

ხვალ, 24 სექტემბერს მსოფლიო თასზე ორი მატჩი გამართება. სათამაშო დღეს 19:45 საათზე შოტლანდიისა და ტონგას მატჩი გახსნის, 23:00 საათზე კი ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები – უელსი და ავსტრალია დაუპირისპირდებიან. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.


ინგლისი – ჩილე 71:0


ლელო: არუნდელი (5), დანი (2), რუდი, სმიტი (2), უილისი.

გარდასახვა: ფარელი (8).


სამხრეთ აფრიკა – ირლანდია 8:13


ლელო: კოლბი – ჰანსენი.

გარდასახვა: – სექსტონი.

ჯარიმა: ლიბოკი – სექსტონი, ქროული.