რაგბი | „შავმა ლომმა“ რაგბი ევროპის სუპერთასზე ესპანური „იბერიანსი“ დაამარცხა და ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავმა ლომმა“ თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:9 დაამარცხა და ევროპის სუპაერთასის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „ლუზიტანუშსა“ (პორტუგალია) და „თელავივ ჰითსს“ (ისრაელი) შორის გამარჯვებული იქნება.

რაგბი ევროპის სუპართასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. „შავი ლომი“ 23 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა, რითიც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. თავის მხრივ, ესპანურმა „იბერიანსმა“ დასავლეთ კონფერენციაში ექვსიდან 5 თამაში მოიგო და, პორტუგალიური „ლუზიტანუშის“ მსგავსად, 24 ქულა მოაგროვა, მაგრამ მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

„იბერიანსთან“ შეხვედრას „შავი ლომი“ დანაკლისით შეხვდა. ტრავმების გამო თამაშს ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გრიგორ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია და გიორგი კერვალიშვილი ტოვებდნენ.

გუნდებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. პირველი ქულები ესპანელებმა მე-9 წუთზე მოიპოვეს – მეტოქემ ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. ანგარიში მალევე გავათანაბრეთ – ლუკა მატკავამ ამჯერად ესპანელების მიერ წესის დარღვევისთვის დანიშნული ჯარიმა შეასრულა უნაკლოდ.

მე-18 წუთზე „იბარიანსმა“ შემოგვიტია და ჩვენს ლელოს ხაზთან დაძაბულობა შეიქმნა, მეტოქემ ლელო ვერ გაიტანა, თუმცა ის შეტევა მათ მიერ შესრულებული ზუსტი არეკნით დასრულდა და „იბერიანსი“ კვლავ დაწინაურდა 6:3.

პირველი ტაიმის დასასრულისკენ „შავი ლომი“ გააქტიურდა და ამან შედეგიც გამოიღო – 30-ე წუთზე ქართველებმა კარგი შეტევა განახორციელეს, რომელიც ნოდარ ჭეიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ კი ზუსტად გარდასახა და „შავი ლომი“ 10:6 დაწინაურდა.

პირველი ტაიმი ასევე დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარი კვლავ ესპანელების შედეგიანი შეტევით დაიწყო, მათ ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ზუსტი დარტყმით ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს – 10:9.

48-ე წუთზე ქართველებმა მეტოქის ხუთმეტრიან ზონასთან საკუთარი დერეფანი მოიგეს, კარგი მოლი შეკრეს, შეტევა კი შალვა მამუკაშვილმა ლელოთი დაასრულა, რომელიც ამჯერადმ მატკავამ ვერ გარდსახა – 15:9.

57-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალე შეტევა განახორციელეს, ლაშხმა საკუთარ მოედანზე მოიპოვა ბურთი და რამდენიმე მეტრი ისე გაირბინა, ესპანელებმა მისი შეჩერება ვერ მოახერხეს, შეტევა მირიან მოდებაძემ გააგრძელა და  მეტოქის ნახევარზე ფეხით გადაკიდა ბურთი, რომელიც სანდრო მამამთავრიშვილმა დაიჭირა და ტაბუცაძეს მიაწოდა, მან კი შეტევა ლელოთი დაასრულა. მატკავამ ზუსტად გარდასახა და 22:9 დავწინაურდით.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა, შეხვედრის დასრულებამდე ერთი ლელო ჩხარტიშვილმა გაიტანა, ტაბუცაძემ კი ჰეთ თრიკი შეასრულა. საბოლოოდ, „შავმა ლომმა “ 41:9 მოიგო და ევროპის სუპაერთასის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე „თელავივ ჰითსი“ (ისრაელი) იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, პორტუგალიაში „ლუზიტანუში“ 30:22 დაამარცხა.