რაგბი | „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასზე „იბერიანსთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
რაგბი | „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასზე „იბერიანსთან“ მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

„რაგბი ევროპის“ სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული „შავი ლომი“ კვირას, 4 დეკემბერს, 16 საათზე სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანურ „იბერიანსს“ ავჭალის სტადიონზე უმასპინძლებს. ამ მატჩისთვის გუნდი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 29  ნოემბრიდან ინტენსიურად ემზადება.

„შავი ლომი“ ამ შეხვედრას პრობლემებით ხვდება. ტრავმების გამო ესპანელებთან ვერ ითამაშებენ გრიგორ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია, გიორგი კერვალიშვილი, სავარაუდოდ, ნახევარფინალამდე ვერ მომჯობინდება სანდრო თოდუა. ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს ლაშა ხმალაძე, ასევე უცნობია, ითამაშებს თუ არა ლუკა ივანიშვილი.

თუმცა გუნდში არის მატებაც – სრულყოფილად ვარჯიშობენ ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე და სოსო მათიაშვილი.

„გუნდის ნაწილმა ნაკრებთან ერთად ნოემბრის მატჩებში მიიღო მონაწილეობა, დანარჩენები კი დიდი 10-ის კლუბებში იყვნენ და იქ მიიღეს სათამაშო გამოცდილება. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე ნახევარფინალსა და ფინალს გამოტოვებს. სანაკრებო დონის თამაშებიდან სუპერთასზე გადართვას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს ხოლმე. იმედს ვიტოვებ, რომ 4 დეკემბრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნებით“, – განაცხადა „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა.

„შავი ლომი“ „იბერიანსს“ სუპერთასის გასული გათამაშების ნახევარფინალშიც შეხვდა და მაშინ 43:40 დაამარცხა.

4 დეკემბერს ლისაბონში გაირკვევა მეორე ფინალისტიც – პორტუგალიური „ლუზიტანუში“ ისრაელის „ჰითსს“ 19:00 საათზე უმასპინძლებს. სუპერთასის ფინალი კი 17 ან 18 დეკემბერს გაიმართება.