რაგბი | საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დისკვალიფიკაციის გამო „ბორჯღალოსნებს“ დააკლდება #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე დისკვალიფიკაციის გამო „ბორჯღალოსნებს“ დააკლდება #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და „შავი ლომის“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალურ მატჩში მომხდარი ინციდენტისთვის, რაგბი ევროპის სადისციპლინო კომიტეტმა 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

„თელავივ ჰითთან“ შეხვედრის პირველ ნახევარში (28-ე წუთზე) შარიქაძესა და მოწინააღმდეგის მგეზავს, ჯორდან ჩაიტს შორის შელაპარაკება მოხდა. მეტოქემ, როგორც ჩანს, ჩვენს კაპიტანს შეურაცხყოფა მიაყენა, შარიქაძემ კი მას სახეში თავი ჩაარტყა. თამაშის დროს არბიტრს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩა, თუმცა საკითხი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა.

ასეთ დარღვევისთვის მოთამაშეს, როგორც წესი, 10-კვირიანი დისკვალიფიკაციით სჯიან, მაგრამ კომიტეტის წევრებმა მხედველობაში მიიღეს, რომ შარიქაძეს მსგავსი საქციელი ადრე არ ჩაუდენია და სასჯელი 6 მატჩამდე შეუმცირეს.

ასე რომ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი 3 თამაშს საქართველოს ჩემპიონატში (შარიქაძე კიკეთის „იუნკრების“ შემადგენლობაში ირიცხება) გამოტოვებს, სამს კი – ეროვნულ ნაკრებში რაგბი ევროპის გათამაშების ჯგუფურ ტურნირზე, სადაც „ბორჯღალოსანთა“ მეტოქეები გერმანიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან.