რაგბი | ქართველებს ახლა უფრო თამამად შეუძლიათ ექვსი ერის კარის გაღება მოითხოვონ - უცხოური პრესის გამოხმაურება #1TVSPORT
რაგბი | ქართველებს ახლა უფრო თამამად შეუძლიათ ექვსი ერის კარის გაღება მოითხოვონ - უცხოური პრესის გამოხმაურება #1TVSPORT

კარდიფში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მიერ უელსის დამარცხება (13:12), საერთაშორისო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებას რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემა გამოეხმაურა.

 


BBC: საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა


 

„საქართველოს ნაკრებმა კარდიფში, შეუპოვარი თამაშით, უელსის ნაკრები 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ლუკა მატკავამ „პრინსიპალითი სთედიუმზე“ შეკრებილ უელსელებს მტკივნეული მარცხი აგემა.

ეს ნაკრებები ერთი წლის შემდეგ, საფრანგეთში, მსოფლიო თასზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. იმ მატჩში საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქის შიში აღარ ექნება“.

 


THE TELEGRAPH: ეს იყო უელსის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე ცუდი თამაში


 

„კარდიფში საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ, უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, უეინ პივაკის თანამდებობაზე დარჩენის საკითხი ბეწვზე ჰკიდია. ეს იყო უელსის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე ცუდი თამაში, რომელმაც უელსელებს 1990-იანი წლების დასაწყისის წაგებების პერიოდი გაახსენა.

ლუკა მატკავა იყო ის ადამიანი, ვისაც საკვანძო მომენტში ნერვებმა არ უმტყუნა და გადამწყვეტი ჯარიმა გაუტანა უელსის ნაკრებს, რომელსაც საქართველომ ორთაბრძოლებში უშანსოდ აჯობა და მწარე მარცხი აგემა.

საქართველომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველებს ახლა უფრო თამამად შეუძლიათ მოითხოვონ ექვსი ერის კარის გაღება“.

 


PLANETRUGBY: 2022 წელს საქართველოს ნაკრებმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადა


 

„საქართველოს ნაკრებმა კარდიფში, უელსის ნაკრებთან ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ამას ვინმე ძნელად თუ იწინასწარმეტყველებდა.

2022 წელს, საქართველოს ნაკრებმა თვალშისაცემი პროგრესი განიცადა, გაზაფხულზე მათ „ტიერ 1“-ის წარმომადგენელ იტალიის ნაკრებს მოუგეს, ახლა კი კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს პირველი დონის ნაკრებთან“.