რაგბი | მსოფლიო თასის ბოლო მონაწილე ცნობილია - საქართველოს ნაკრების ჯგუფში პორტუგალია ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი | მსოფლიო თასის ბოლო მონაწილე ცნობილია - საქართველოს ნაკრების ჯგუფში პორტუგალია ითამაშებს #1TVSPORT

2023 წელს საფრანგეთში გასამართავი რაგბის მსოფლიო თასის ბოლო მონაწილის გამოსავლენად, დუბაიში საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა, რომელშიც პორტუგალიის, აშშ-ის, ჰონ კონგისა და კენიის ნაკრებები მონაწილეობდნენ. ამ ტურნირის გამარჯვებული საფრანგეთის მსოფლიო თასის დარჩენილ ბოლო საგზურს და საქართველოს ნაკრებთან ერთად, C ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებდა.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს აშშ-ისა და პორტუგალიის ნაკრებები შეხვდნენ (მანამდე აშშ-ის ნაკრებმა კენია 68:14, ჰონ კონგი კი 49:7 დაამარცხა, ხოლო პორტუგალიამ კენიას 85:0, ჰონ კონგს კი 42:14 მოუგო).

აშშ-ისა და პორტუგალიის შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი პორტუგალიელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა (10:9). მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს, რასაც ამერიკელებმა გარდასახული ლელოთი უპასუხეს და 16:13 დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. მატჩისათვის განკუთვნილი დრო ფაქტობრივად, უკვე ამოწურული იყო, როდესაც პორტუგალიელებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს, დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 16:16 დასრუდლდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლები პორტუგალიას უკეთესი ჰქონდა და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზურიც მათ მოიპოვეს.

საბოლოოდ რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფებში ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი – ახალი ზელანდია, საფრანგეთი, იტალია, ურუგვაი, ნამიბია;

B ჯგუფი – სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, შოტლანდია, ტონგა, რუმინეთი;

C ჯგუფი – უელსი, ავსტრალია, ფიჯი, საქართველო, პორტუგალია;

D ჯგუფი – ინგლისი, იაპონია, არგენტინა, სამოა, ჩილე.