რაგბი | ლევან მაისაშვილი - ვფიქრობ, ესპანეთთან საინტერესო თამაში გველოდება #1TVSPORT
რაგბი | ლევან მაისაშვილი - ვფიქრობ, ესპანეთთან საინტერესო თამაში გველოდება #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიაშია და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 18 თებერვალს ქალაქ ტორელავეგაში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

გასულ შეხვედრებში ქართველმა მორაგბეებმა შინ – გერმანია (75:12), სტუმრად ნიდერლანდები (40:8) დაამარცხეს და ჯგუფის ლიდერები არიან. ესპანელებთან მატჩი „ბორჯღალოსნებისთვის“ იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ნახევარფინალში მასპინძლობის უფლებას მოიპოვებენ, სადაც მეტოქე პორტუგალიის ან რუმინეთის ნაკრები იქნება.

ნიდერლანდებში ჩატარებულ თამაშსა და ესპანეთთან მომავალ დაპირისპირებაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

„ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და უამინდობის გამო ბევრი რეისი გადაიდო, ამის შესახებ გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გავიგეთ. მოგვიწია ორ ეტაპად მგზავრობა. პირველ ჯგუფს აეროპორტში დიდი ხნით მოუწია ლოდინი, მეორე ჯგუფი კი ნიდერლანდებში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც კაპიტნის ვარჯიში უნდა გვქონოდა. ამიტომ თამაშამდე, ფაქტობრივად, ვერ ვივარჯიშეთ, თამაშის ხარისხზე გართულებულმა მგზავრობამაც იმოქმედა.

მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ტექნიკური და თამაშის მართვის კუთხით უკეთ უნდა გვეთამაშა. ბევრი შეცდომა დავუშვით, რამაც მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა მისცა. პრობლემები გვქონდა დისციპლინის კუთხითაც, თუმცა სამიდან ორ ყვითელ ბარათში მსაჯს ვერ დავეთანხმები. იმედი მაქვს, ეს გამოცდილება მომდევნო თამაშში გამოგვადგება“.

ამსტერდამში მოგების შემდეგ „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიაში ჩავიდნენ და ესპანეთთან მატჩისთვის ემზადებიან. ორივე გუნდს განაღდებული აქვს პლეი ოფის საგზური, თუმცა ურთიერთშეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს და, შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.

„ესპანეთთან თამაშისთვის პორტუგალიაში ვემზადებით. გვქონდა ნიდერლანდებთან მატჩის განხილვა და შეცდომები გავაანალიზეთ. მწვრთნელები ვიმსჯელებთ და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ.

რაც შეეხება ესპანეთს, ის ძლიერი გუნდია და რომ არა დაუდევრობა (მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში ასპარეზობის დროს ესპანეთის ნაკრებმა ნატურალიზაციის რეგლამენტი დაარღვია – რედ.), ახლა მსოფლიო თასის მონაწილე იქნებოდა. მათ ჰყავთ ბრძოლისუნარიანი ფორვარდები და სახიფათო კიდის მოთმაშეები. ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველოდება“, – აღნიშნა მაისაშვილმა.