რაგბი | კაცნაკლულად დარჩენილმა ინგლისმა არგენტინა დაამარცხა, მსოფლიო თასზე ნიკა ამაშუკელის დებიუტი შედგა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასის მეორე სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრებისა და ავსტრალიის თამაშის გარდა კიდევ სამი მატჩი გაიმართა.

 


იტალია-ნამიბია 52:8


ლელო: კანონე, გარბისი, ლამბ-კონა, კაპუოზო, ფაივა, ძულიანი, ოდოგვუ – მოუტონი

გარდასახვა: ალანი (7)

ჯარიმა: ალანი – სვანეპული

დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს A ჯგუფის გუნდები იტალია და ნამიბია შეხვდნენ. იტალიელებმა იოლ გამარჯვებას მიაღწიეს – მათ მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს, ბონუსქულა მოიპოვეს და საბოლოოდ, ნამიბია დიდი სხვაობით – 52:8 დაამარცხეს.


ირლანდია – რუმინეთი 82:8


ლელო: გიბსონ-პარკი, კენანი, ბეირნე (2), აკი (2), სექსტონი, ჰერინგი, ო’მაჰონი (2), სექსტონი, მაკკარტი – რუპანუ

გარდასახვა: სექსტონი (7), ქროული (4)

ჯარიმა: რუპანუ

იოლ გამარჯვებას (ბონუსქულით) მიაღწია B ჯგუფში ირლანდის ნაკრებმა, რომელმაც რუმინეთი 82:8 დაამარცხა. ანგარიში რუმინელებმა გახსნეს – მეოთხე წუთზე რუპანუმ ლელოს დადება მოახერხა.

ამის შემდეგ მოედანზე, ფაქტობრივად, ერთი გუნდი თამაშობდა – ირლანდილებმა 12 ლელოს დადება მოახერხეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი ვერ გარდასახეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის მთავარი მსაჯი ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამაშუკელს ერთხელ ყვითელი ბარათის გამოყენებაც დასჭირდა – ქართველმა არბიტრმა რუმინელი სიმონესკუ 10 წუთით გააძევა მოედნიდან.


ინგლისი – არგენტინა 27:10


ლელო: ბრუნი (არგენტინა)

გარდასახვა: ბოფელი

ჯარიმა: ფორდი (6) – ბოფელი

არეკნი: ფორდი (3)

სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მარსელში გაიმართა, სადაც ერთმანეთს D ჯგუფის გუნდები, ინგლისი და არგენტინა დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის მეოთხე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ინგლისელი ტომ კარი გააძევა და ბრიტანელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მალევე არგენტინელებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში გახსნეს.

კაცნაკლულად დარჩენის მიუხედავად, ბრტანელები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ, ჯორჯ ფორდმა ჯერ ზუსტი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი სამი არეკნი გაიტანა და ტაიმი ინგლისის ნაკრებმა 12:3 მოიგო.

ინგლისელები მეორე ტაიმშიც უკეთ გამოიყურებოდნენ მეტოქეზე, არგენტინელებმა მხოლოდ ის მოახერხეს, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ბრუნიმ ლელო დადო, რომელიც ბოფელიმ ზუსტად გარდასახა.

საბოლოოდ შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 24:10 დასრულდა.

10 სექტემბერს მსოფლიო თასზე მორიგი სათამაშო დღეა:

15:00 | იაპონია – ჩილე (პირდაპირი რეპორტაჟი ტელესკოლაზე)

19:45 | სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე)

23:00 | უელსი – ფიჯი (პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე).