რაგბი | „ჩელენჯ თასზე“ „შავი ლომის“ კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | „ჩელენჯ თასზე“ „შავი ლომის“ კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) ხელმძღვანელობამ 2023-24 წლების სეზონის „ჰეინეკენ ჩემპიონთა თასისა“ და „ჩელენჯ თასის“ ჯგუფური ეტაპის თამაშების კალენდარი დაამტკიცა.

წელს პირველად „ჩელენჯ თასზე“ ქართული ფრენჩაიზი – „შავი ლომიც“ ითამაშებს, რომელიც მესამე ჯგუფში ფრანგულ „კასტრთან“ და „კლერმონთან“, შოტლანდიურ „ედინბურგთან“, ინგლისურ „გლოსტერთან“ და უელსურ „სკარლეტსთან“ მოხვდა.

თითოეული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ოთხ-ოთხ თამაშს ჩაატარებს – ორს შინ და ორს სტუმრად, ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ კი ოთხი საუკეთესო გუნდი პლეი ოფში გავა.

„შავ ლომი“ ტურნირზე სადებიუტო შეხვედრას 9 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

„ჩელენჯ თასზე“ თამაშების განრიგი:

პირველი ტური

8 დეკემბერი

„კლერმონი“ (საფრანგეთი) – „ედინბურგი“ (შოტლანდია)

9 დეკემბერი

„შავი ლომი“ (საქართველო) – „გლოსტერი“ (ინგლისი)

„კასტრი“ (საფრანგეთი) – „სკარლეტსი“ (უელსი)

მეორე ტური

15 დეკემბერი

„გლოსტერი“ – „კლერმონი“

„სკარლეტსი“ – „შავი ლომი“

16 დეკემბერი

„ედინბურგი“ – „კასტრი“

მესამე ტური

13 იანვარი, 2024

„კლერმონი“ – „სკარლეტსი“

„კასტრი“ – „შავი ლომი“

„ედინბურგი“ – „გლოსტერი“

მეოთხე ტური

19 იანვარი

„გლოსტერი“ – „კასტრი“

„სკარლეტსი“ – „ედინბურგი“

20 იანვარი

„შავი ლომი“ – „კლერმონი“

„შავი ლომის“ მომავალ გეგემებზე კომენტარი გუნდის მთვარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გააკეთა:

„ვულოცავ მთელ საქართველოს და ქართულ რაგბს ამ მნიშვნელოვან ტურნირში ჩართვას. ეს საქართველოს რაგბის კავშირისა და გუნდის მუშაობის შედეგია. „შავი ლომი“ სანაკრებო ფრენჩაიზია და როდესაც სანაკრებო აქტივობები არ გვექნება, ისეთ დიდ გუნდებს შევხვდებით, როგორებიც „კლერმონი“, „კასტრი“, „გლოსტერი“და „სკარლეტსია“. ამ დონის გუნდების თბილისში ჩამოსვლა ძალიან დიდი დღესასწაულია და გულშემატკივრებს ნამდვილი სარაგბო ზეიმი ელით.

„ჩელენჯ თასის“ წინ რაგბი ევროპის სუპერთასზე თამაში ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება, თუმცა ჩვენი მიზანი თასის ზედიზედ მესამედ მოპოვებაა. ვეცდებით, გუნდში ისეთი მოთამაშეები გვყავდეს, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან.

EPCR-მა ნდობა გამოგვიცხადა და ვალდებული ვართ, მაღალი დონის თამაშებით ეს ნდობა გავამართლოთ“.